-
2014-08-11 13:54
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოს წევრებისთვის „საავტომობილო კომფორტის“ შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარეს 2-კვირიან ვადას აძლევს.
„საკრებულოში კომისიების რაოდენობა ძალიან ბევრია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, კომისიის თავმჯდომარეებს მანქანები მოემსახუროთ. ამ საკითხზე მქონდა საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბარი.
მან პირობა მომცა, რომ წარმოადგენს ოპტიმიზაციის გეგმას. ამიტომ ვარ გაჩუმებული და ველოდები. თუმცა მაქვს საკუთარი პრეზენტაცია გამზადებული. თავმჯდომარესთან ორკვირიან ვადაზე მოვილაპარაკეთ, ეს ორი კვირა უკვე გავიდა.
კიდევ დაველოდები 2 კვირა და უკვე შემდეგ ჩემს პრეზენტაციას წარვუდგენ. ამ საკითხს არ მოვეშვები, მენტალურად გაჯანსაღდება პოლიტიკური სივრცე, როდესაც თანამდებობის პირები უარს იტყვიან მანქანებზე.
ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მანქანებით ისარგებლებენ, თუმცა ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული და უმკაცრესი აღრიცხვის პირობებში, უმკაცრესი კონტროლის დაქვემდებარებაში“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
„პრაიმტაიმი“