-
2014-07-21 12:27
15 ივლისს, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის დედისერთა, თამარ (თაკო) ფერაძე ემსხვერპლა.
გოგონას სულიერი მოძღვარი, მამა პეტრე კვარაცხელია აცხადებს, რომ თაკო თავისი ნიჭიერებით, უბრალოებით, ხასიათით და ბუნებით გამორჩეული ბავშვი იყო.
„ჩემს შვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სამი წლის წინ ჩვენ გაგვიჩნდა მეექვსე შვილი, სოფია და სწორედ თაკომ მონათლა ის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლია, ის იყო ჩვენი ოჯახის სულიერი ნათესავი.
აქედან გამომდინარე ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, რომელსაც კარგა ხანი ვერ დავივიწყებთ. ჩემი შვილი ძალიან განიცდის ამ ამბავს და არც ვიცი, როდის გადაიტანს და შეეგუება მომხდარს. ალბათ, ეს იყო ღვთის ნება, რა მდგომარეობაშიც შეიძლებოდა მისი ცხონება, იმ მდგომარეობაში გიყვანა ის უფალმა.
ძალიან უცნაური და თავისებური ბავშვი იყო. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს არ არის მიწიერი ბავშვი. სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან ღიმილი და სითბო დაჰყვებოდა ამ პატარას. ყველა დიდი სიხარულით ველოდით ოჯახში მის მოსვლას ხოლმე, მისი ღიმილი იმდენად გადამდები იყო, რომ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო ადამიანი, მომენტალურად ბედნიერი ხდებოდა მასთან ურთიერთობისას. ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია, მაგრამ ჩვენთვის ეს ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თაკოს სულის საოხად ვილოცოთ მთელი ცხოვრება.
ეს ჩვენთვისაც დიდი განსაცდელი იყო, რითაც უფალმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედე საკუთარ სულში და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა", - ამბობს "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას მამა პეტრე.
მისივე თქმით, ოჯახს სხვა შვილი არ ჰყავს. თაკოს დედა კი, რომელსაც ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
"მასზე ამოსდიოდათ მზეც და მთვარეც. თაკოთი ნუგეშობდა დედამისი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც შერყეული ჰქონდა და ამ ტრაგედიამ მთლიანად გაანადგურა. სულ ამბობდა, თუ რამე მიხარია დედამიწაზე ეს მხოლოდ თაკოა.
თაკო, რომ არა ვერც გავძლებდი აქამდეო. მე არ ვიცი რა იქნება შემდეგ, მაგრამ განსაცდელმა უფრო უნდა გააძლიეროს ადამიანი და მჯერა, რომ ამ ტრაგედიას სულის ცხონებისთვის გამოიყენებენ თაკოს მშობლები და ღმერთან უფრო ახლოს მივლენ", - ამბობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
http://primetimenews.ge/?page=9&news_id=32106&c=2