
თბილისში გვიან ღამით, ტაქსის მძღოლსა და მგზავრს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ტაქსის მძღოლმა მგზავრი დანით დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „კვირა“ შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა მოსკოვის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრს კოსტავას გამზირიდან მოსკოვის გამზირის მიმართულებით სურდა გადაადგილება.
დანიშნულების ადგილზე მისულმა მოქალაქემ კი ტაქსის მძღოლს განუცხადა, რომ მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდიდა, რასაც ამ უკანასკნელსა და მძღოლს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მგზავრმა ტაქსის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი მძღოლმა დანით დაჭრა.
დაჭრილი მგზავრი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.