-
2014-06-12 16:29
როგორც ვარკეთილის მეტროსთან მცხოვრები ლია ბერიკაშვილი „ამბები.გე“-ს უყვება, საკუთარ ბინაში ტელეფონზე დახვეული გველი ნახა, რომელიც თავიდან თავიდან კაბელი ეგონა, მაგრამ შემდეგ პირი რომ გახსნა, მივხვდა, რომ გველი იყო.
ბერიკაშვილმა ნახევარ მეტზე დიდი ქვეწარმავალი კორპუსის მე-4 სართულზ დილის 7 საათზე ნახა. როგორც ირკვევა, გველი ერთ ოთახიან ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე დღე ცხოვრობდა.
„მეუღლე სამსახურში გავაცილე და სახლში შემოვედი. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე რომ „მაგთი ფიქსის“ ტელეფონზე რაღაც ფრიალებდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ შემდეგ რომ მივუახლოვდი და პირი გახსნა, მივხვდი, რომ გველი იყო...
მაშინვე ბავშვი გავიყვანე მეზობელთან და „112“-ში დავრეკე... ქვეწარმავალი კარადის უკან გადაძვრა და იქ ცდილობდა დამალვას, მაგრამ მადლობა ღმერთს მისი დაჭერა მალევე მოახერხეს", - იხსენებს ლია ბერიკაშვილი.
თბილისში ქვეწარმავლების მომრავლებას „112“-შიც ადასტურებენ. ბოლო ორ კვირაში თბილისის სხვადასხვა უბნიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით 54 შეტყობინება შევიდა. მოსახლეობა გველების სიმრავლეს განსაკუთრებით ისანი-სამგორის რაიონში უჩივის და დახმარებას ითხოვს.
„იყო ყავისფერი, პრიალა და გრძელი, ასე 50 სანტიმეტრი იქნებოდა. ჩვენს მეზობელს დღეს დილითაც უნახავს, შეშინებულია ქალი. ჩვენ თვითონ, გოგირდსა და რეზინს ვწვავდით, რომ წასულიყვნენ, მაგრამ არაფერმა უშველა.
ვითხოვთ, რაღაც მოგვაშველონ, რამე წამალი მაინც. სულ ბავშვები არიან და ვინმეს რომ უკბინოს, მერე რაღა ვქნათ", - აცხადებენ ფონიჭალას მაცხოვრებლები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით სტატისტიკა არ გაზრდილა და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, „112“-ის წარმომადგენლები მოსახლეობას ურჩევენ, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ, არ სცადონ მისი ხელით დაჭერა, გამოიძახონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მის მისვლამდე ყოველგვარ აქტივობას მოერიდონ.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/104193-gvelebis-shemosevis-faqtebi-thbilisshi-qmtheli-samezoblo-shokshi-iyoq.html