
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ახალი რეგულაციები შემოიღეს და ქვეყანაში აღარ უშვებენ 2005 წელს ქვემოთ წარმოებულ ავტომანქანებს, რუსთავში ავტოდილერები დამატებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
სიუჟეტი რუსთავიდან „ბიზნესკურიერმა“ მოამზადა, სადაც პირდაპირ ეთერში ავტოდილერები ჩაერთნენ და მთავრობას სთხოვეს, მოილაპარაკოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, რათა მათ კანონის ამოქმედების ვადა გადასწიონ. დილერებმა თავიანთი სოციალური პრობლემების შესახებაც ისაუბრეს:
„დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარში არის ძალიან რთული სიტუაცია. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანში ახალი რეგულაციები დაწესდა, არცერთი ავტომობილი აღარ იყიდება.
ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ჩვენს უკან დგას ძალიან ბევრი ოჯახი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი და უკვე მესამე თვეა რაც ჩვენი ავტომობილები ბაზარზე დგას, მყიდველი კი აღარ არის.
პირადად, მე კი ბანკი (ასახელებს ერთერთ ბანკს, - რედ.) მასახლებს სახლიდან, რადგან ეს ბიზნესი ბანკის კრედიტით დავიწყე და არა მხოლოდ მე, არამედ თითქმის ყველა ავტოდილერი ასეთ მდგომარეობაშია.
თუ მთავრობას ჩვენი თავი სჭირდება, ანალოგიურად ჩვენც გვჭირდება მთავრობა, ამიტომ იქნებ გადავადება მაინც გაგვიკეთონ ან განბაჟების თანხა შეგვიმცირონ ან ბაზრობაზე დგომის საფასური, რადგან ყველა გადასახადი მხოლოდ იზრდება და შემცირებით კი არაფერი მცირდება.”