დარიალის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდისა და სამაშველო სამუშაოები, შედეგად, სამშვიდობოს გამოყვანილია 164 მოქალაქე, მათ შორის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები.
ის მძღოლები, რომლებიც ლარსის გავლით რუსეთში გადასვლას აპირებდნენ, ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე ვერტმფრენებით მიიყვანეს და პირველი მოხმარების საგნებთან ერთად, საკვები პროდუქტებიც დაურიგეს. გუშინ გადარჩენილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღამე სასტუმროში გაატარეს.
„ჩვენი გადარჩენა მოხერხდა, მადლობა ყველას, თუმცა, სხვას არც არაფერს ველოდით, თქვენ კარგი ხალხი ხართ“, - უთხრა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ „რუსთავი-2“-ს.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში დაშავებული ორი მოქალაქე, რომელტაც მოტეხილობა აღენიშნებოდათ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შედგენილია იმ მოქალაქეების სია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ან მათი გადარჩენა მოხერხდა. იმის შესახებ, არიან თუ არა ამ სიაში დაკარგულად მიჩნეული მოქალაქეები, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 112-ზე დაკავშირებით.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბი სტეფანწმინდაში, შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ხელმძღვანელობით. გვიან ღამემდე დარიალის ხეობაში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საქართველოს შეიარაღებული ძალები.
გეოლოგებმა ვერტმფრენით უკვე დაათვალიერეს მყინვარწვერის მიდამოები. არსებობს თუ არა ხელახლა მეწყრის ან ზვავის ჩამოწოლის საშიშროება, სპეციალისტები დასკვნას გამოაქვეყნებენ. ამ დროისთვის დარიალის ხეობაში გზის გასაწმენდი და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ტრაილერი მიწის მასივის ქვეშ მოიყოლა, მძღოლები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.