-
2020-03-15 13:15
ჩვენ ამ მედიკამენტებს უკვე ვიყენებთ. ჩვენ ამის უფლება გვაქვს არ დაველოდოთ ოფიციალურ რეკომენდაციას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან დეტალურად ისაბრა იმაზე, თუ რომელი მედიკამენტებით მკურნალობენ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ეს მედიკამენტები უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ამ მედიკამენტების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობა შევიკრიბეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც არ არის ოფიციალურად დამტკიცებული და რეგისტრირებული, მაგრამ ჩინეთის გამოცდილებით უჩვენა, რომ სასარგებლოა - იწვევს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას, სწრაფ გამოჯანმრთელებას და ამცირებს სიკვდილიანობას. ჩვენ ეს მედიკამენტები გვქონდა, ისინი ახალი არ არის, სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება, მაგალითად ერთ-ერთი აივ-შიდსის სამკურნალი მედიკამენტია, ერთი ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალო და ა.შ.
ჩვენ ამ მედიკამენტებს უკვე ვიყენებთ. ჩვენ ამის უფლება გვაქვს არ დაველოდოთ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელსაც ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტო იძლევა. ასე მოიქცა ჩინეთი, ასე იქცევა იტალია... ჩვენ ჩვენს პროტოკოლში შეგვაქვს ეს მედიკამენტები და ჩვენ მათ უკვე ვხმარობთ პაციენტებზე და ის, რომ ჩვენი პაციენტების დიდი უმრავლესობა კარგად არის, ნაწილობრივ შესაძლოა ამ მედიკამენტების დამსახურება იყოს.
რატომ წავედით ჩვენ ამაზე? ერთადერთი მიზეზის გამო - ეს არ არის ახალი წამალი და მისი უსაფრთხოება შესწავლილია და ის გამოიყენება ფართოდ, უბრალოდ ამ დაავადებისთვის არ გამოიყენება და ის პაციენტებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციონისტმა მსოფლიოში მედიკამენტის გამოყენების მხრივ არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანაში 5-6 დასახელების მედიკამენტი გამოიყენება.
"რაც შეეხება მედიკამენტებს, უკვე გამოიყენება რამდენიმე მედიკამენტი, დაახლოებით 5-6 მედიკამეტი ჩინეთში, იტალიასა და ამერიკაში. ჯერჯერობით მათ ეფექტურობა დადასტურებული არ არის. ერთადერთი მედიკამენტი,რომელიც ახლოს არის აღიარებასთან, ეს არის რემდესივირი, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ და ის ებოლას ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა. მაშინ არ იმუშავა, მაგრამ აქ მგონი მუშაობს და შესაძლოა ეს მედიკამენტი ახლო მომავალში იქნეს გამოყენებული და ჩვენც უკვე გავაგზავნეთ თხოვნა, რომ სანამ ის რეკომენდირებული არ არის და ოფიციალურად არც გაყიდვაშია, იქნებ გამონაკლისის სახით ჩვენც მოგვაწოდონ", - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.