
საღამოს საათებში ჯერ დაუდგენელი მიზეზით ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. სულ დაახლოებით 2.300 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო ღონისძიებებში 150-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა. მაღაზიების მეპატრონეები მათი არაეფექტური მოქმედების გამო ჩიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე მანქანები ვერ შედიოდნენ, ამიტომ ვერტმფრენების გამოყენებას ითხოვდნენ.
"აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნდა ლაივი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გავრცელდა ასევე ფოტოები წერეთლის გამზირზე მდებარე "მაკდონალდსის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ჩანს, რომ სახანძრო მანქანები წყლის მარაგს სწორედ დიდუბის მთავარ გამზირზე არსებული სახანძრო ონკანებიდან იღებენ.
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სხვადასხვა დროს არაერთხელ გაჩენილა, თუმცა, არა იმ მოცულობის ფართობზე, რამდენზეც დღეს. 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოში დიდი ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის სტატისტიკა ასეთია (ხანძრების გამომწვევი მიზეზები, უმეტესწილად, დადგენილი არ არის):
1. ლილოს ბაზრობა - 2012 წლის 15 ნოემბერი
2. სავაჭრო ცენტრი "საბა" - 2013 წლის 26 თებერვალი
3. "ევროპარკი" - 2013 წლის 17 ივლისი
4. სენაკის ბაზრობა - 2014 წლის 25 აგვისტო
5. ბოშათა ბაზრობა - 2014 წლის 16 სექტემბერი
6. ხოფას ბაზრობა, ბათუმი - 2014 წლის 7 დეკემბერი
7. ელიავას ბაზრობა - 2014 წლის 27 დეკემბერი
8. ისნის ბაზრობა - 2015 წლის 21 იანვარი
9. ისევ ელიავას ბაზრობა - 2015 წლის 4 აგვისტო
10. ე.წ. შავი ბაზრობა, ზესტაფონი - 2016 წლის 2 აგვისტო
11. ბაზრობა და ბავშვთა სამყარო - 2017 წლის 30 იანვარი
12. ელიავას ბაზრობა - მასშტაბური - 2017 წლის 2 ივლისი.