შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი, რჩებიან თუ არა ის პოლიციელები სამსახურში, რომლებიც მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, როდესაც პოლიციელების მონაწილეობით საქმეზე გამოძიება იწყება, ძიების პროცესში, სამართალდამცველები კადრების განყოფილებაში გადაჰყავთ.
როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წერს, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
სამართალდამცველების მიმართ დაკავებული რეპერების მხრიდან გამოთქმული
ბრალდებების გამო თბილისის პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით 11 ივნისს დაიწყო.
რაც შეეხება ბრალდებულებს, პროკურატურა თანახმაა, რომ „ბირჟა მაფიის“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.