
Freedom House-ს მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა აგრესიულად წარიმართა, რამაც პრესის თავისუფლების რეიტინგის დაწევა გამოიწვია.
"ფრიდომ ჰოუსის" ანგარიშს მედიის თავისუფლების შესახებ "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მსოფლიოში მედია თავისუფლების კუთხით სიტუაციამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 13 წლის მანძილზე.
ქვეყნები, მათ შორის როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და სერბეთი უფრო აქტიურად ცდილობენ პრესის თავისუფლების შეზღუდვას.
ორგანიზაციის თქმით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში ხვდება. საქართველოს რეიტინგმა პრესის თავისუფლების კუთხით წინა წელთან შედარებით მცირედით დაიკლო. ანგარიშის თანაავტორის, ჯენიფერ დანჰამის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა 2016 წელს უფრო აგრესიულად წარიმართა.
„საქართველოში დიდი ხანია ვხვდებით მოდელს, როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს მედიის კონტროლს. პროცესი მოიცავს მედია საშუალებების საკუთრებაზე საეჭვო დავებს და მიმართულია მთავარი მაუწყებლების წინააღმდეგ.
არსებული პრობლემა უფრო გამწვავდა 2016 წელს, და სწორედ ამიტომ საქართველოს რეიტინგი მცირედით შემცირდა. მედია გარემო და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა მაშინ მოხდება, თუ ქვეყნის ყველა პოლიტიკური მხარე ღია, სამოქალაქო დებატებში ჩაერთვება, მედია საშუალებებზე გავლენის მოპოვების მცდელობის ნაცვლად. მედია საშუალებები საუკეთესო შემთხვევაში თავისუფალნი უნდა იყვნენ პარტიული კონტროლისგან“, - აღნიშნა დანჰამმა ამერიკის ხმის შეკითხვის პასუხად.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავა, უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტი, დასავლეთში ბევრისთვის შემაშფოთებელია. დიპლომატიური წარმომადგენლობები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს დამოუკიდებელი მედია საშულებების საჭიროებას და მათზე კონტროლის დამყარების მცდელობის მიუღებლობას.
მათ შორის, ამერიკის საელჩომ საქართველოში არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე პროცესებზე. უზანაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ს საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ „პლურალისტური მედია გარემო საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საკვანძოა და მოუწოდა საქართველოს მთავრობას „მიიღოს ზომები თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის“.