
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში ირაკლი ჩხვირკიაზე საუბრობს და წერს, რომ ამ სიტუაციაში მისი განსჯა და წარსულთან მიბრუნება, ბოროტებაა.
"ირაკლი ჩხვირკია სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ჰყავს უმუშევარი დედა. მის ბებიას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება აქვს, ღამეებს ათენებდა და თავისი დანჯღრეული მანქანით მძღოლად მუშაობდა.
ვსაყვედურობდი ძალიან ბევრს ლაპარაკობ-მეთქი, არ სწყინდა. ამ შენიშვნასაც ღიმილით ხვდებოდა. ამას გარდა, კიდევ ბევრს ვსაყვედურობდი, მაგრამ სულ მახსოვდა, რომ ჩვენი ქვეყნის პატრიოტია და წყენაც მალე გამდიოდა.
გაგიჟებით უყვარს ქალაქი, საიდანაც ოკუპანტებმა გამოაგდეს და აქვს მიზანი, დაბრუნდეს სოხუმში.
დღეს იმის განსჯა, რა შეეშალა, გაუმართლებელი მგონია. ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურია იმაზე მსჯელობაც, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა, როცა რუსი ოლიგარქი სოციალურად დაუცველ დევნილს მომავალს ართმევს, ამ საკითხთან მიბრუნება, ბოროტებაა.
პირად ვალდებულებად მივიჩნევ მის თანადგომას. მჯერა, მასაც დავიხსნით ივანიშვილის რეჟიმისგან და მის მშობლიურ ქალაქ სოხუმსაც გავათავისუფლებთ მტაცებლებისგან. ირაკლი, უნდა გაუძლო. იმაზე მეტად ნამდვილად არ გაგიჭირდება, ვიდრე მთელი ცხოვრება გიჭირდა. ცხოვრება, რომელიც სიღატაკესა და დევნილობაში გაატარე. წინ უკეთესი დღეები გველის",- წერს ეკა ხერხეულიძე.