
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა ცალმხრივად იყო გადაკეტილი. შეფერხება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ქარის გამო კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა და რამდენიმე ხეც წააქცია, რის გამოც სავალი გზის ნაწილი ჩაიხერგა.
ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში 8 წლის ბავშვი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი ძლიერი ქარის გამო დაეცა. არასრულწლოვანი თავზე მიყენებული დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ძლიერმა ქარმა რუსთავში, ბოსტანქალაქის, ბათუმისა და დავით გარეჯის ქუჩებზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. ბათუმის ქუჩის #23-ში ახდილი თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში მდგომ ავტომობილს დაეცა და უკანა საქარე მინა ჩაამხვრია.
ძლიერი ქარის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ცოტა ხნით შეწყვეტილი ჰქონდა რუსთავის მარცხენა სანაპიროსაც.
ადგილზე მობილიზებული არიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქარისაგან დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.