
ევროკავშირის კვლევით, სურსათის წარმოება საქართველოში ბოლო ათი წელია კატასტროფულად შემცირდა.
ამავე კვლევით, დაბალი შემოსავლების გამო, მოსახლეობა ძირითადად პურით იკვებება, რომლის წილი მთლიანი მოსახლეობის საშუალო რაციონში 62%-ია. ეს ვითარება ბავშვებისთვის განსაკუთრებით მძიმეა.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
გასული 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა 3400 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა და სახელმწიფომ მილიარდ სამასი ათასი დოლარის ზარალი განიცადა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელი საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების წლად გამოაცხადა.
მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია პარლამენტს არ მიუღია. ოპოზიცია დღემდე თვლის, რომ ფქვილის ვიტამინებით გამდიდრება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას გამოასწორებს, თუმცა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პურის ფორტიფიკაცია ძვირია და ამ გადაწყვეტილების მისაღებად მეტი არგუმენტია საჭირო.
უკანასკნელი კვლევებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს, შესაბამისად, ვიტამინებით მდიდარ საკვებზე ხელი არ მიუწვდება.