
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში, შესასვლელთან დაწყებული მიტინგი შენობის ფოიეში შეჭრითა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით დასრულდა. აქციაში "მწვანე მუშტის", "აუდიტორია 115"-სა და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფოიეში შეჭრილი აქციის მონაწილეები უარს აცხადებენ შენობის დატოვებაზე და "მოამბის" ეთერში ხუთწუთიან პირდაპირ ეთერს ითხოვენ, რათა მიმართვა წაიკითხონ. შენობის შესასვლელთან დაწყებულ აქციაში მაუწყებლის მოქმედი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ, თუმცა, მათ მოგვიანებით ფოიეში შეჭრილ ახალგაზრდებს შენობის დატოვება სთხოვეს.
"მოამბემ" აქციის ერთერთი ორგანიზატორი - გიორგი სოფრომაძე პირდაპირ ეთერში ჩართო. მან უარყო შენობაში ძალის გამოყენების ფაქტი და მიმართვა წაიკითხა, სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებს პროფკავშირების შექმნისკენ მოუწოდა, ამავე დროს განაცხადა, რომ ჟურნალისტების გათავისუფლების შემთხვევაში მათ სამართლიან სოციალურ მოთხოვნებში გვერდით დაუდგებოდნენ.
გიორგი სოფრომაძემ შრომის კაბალურ პირობებზე ისაუბრა და 10 თებერვალს, 17 საათზე, "მწვანე მუშტის" დაგეგმილი მსვლელობა დაანონსა, რითაც ისინი მიუღებელ შრომის პირობებს გააპროტესტებენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ "ბიბლუსის", "აზოტისა" და "ფრესკოს" თანამშრომლებს. პირდაპირ ეთერში მიმართვის წაკითხვის შემდეგ შენობაში შეჭრილებმა ფოიე დატოვეს და ისევ ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც მათ მიტინგის სხვა მონაწილეები ელოდებოდნენ.