
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და "რუსთავი-2"-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი რვა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებების დაცვის პარალელურად, საზოგადოება შეტევაზე უნდა გადავიდეს, რათა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლდეს.
„დღეს შეიკრიბა რვა პოლიტიკური პარტია და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის დავიცვათ „რუსთავი 2“ და ასევე სოლიდარობა გამოვუცხადოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მის ჟურნალისტებს.
საკოორდინაციო საბჭოს სრული შემადგენლობით უერთდება ხვალინდელ აქციას. ჩვენ არ ვაპირებთ დიდი ხანი ვიყოთ თავდაცვით რეჟიმში. მთავარი გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართ არის ის, რომ დამთავრდეს ის დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეძინა მშვიდად, როდესაც ხან აფეთქებდა საყდრისს, იტაცებდა სხვადასხვა ტერიტორიას და ა. შ. დღეს ჩვენ პირველ რიგში დავიცავთ „რუსთავი 2“-ს და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და გადავალთ შეტევაზე, სანამ საბოლოოდ არ გავათავისუფლებთ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, "რუსთავი-2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით (10-15 თებერვალი) მეტროსადგურ "რუსთაველიდან" უზენაესი სასამართლოს შენობამდე მსვლელობაა დაგეგმილი. მსვლელობა 13:30 საათზე დაიწყება.