
კვლევებისა და გამოკითხვების კუთხით მსოფლიოში ცნობილი ასოციაცია WIN / Gallup International აქვეყნებს კვლევას, რომელიც 64 ქვეყანაში ჩატარდა და რომლის მიზანი იყო, გამოერკვია, გამოკითხულთა რა რაოდენობაა მზად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად იომოს.
კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც შეკითხვაზე დადებითი პასუხი 75%-ზე მეტმა გასცა. საქართველოში გამოკითხულთა 76% მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, იომოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად.
საერთო ჯამში, დადებითი პასუხის გაცემის კუთხით, საქართველო მე-9 ადგილზეა 64 ქვეყანას შორის, სადაც გამოკითხვა ჩატარდა და პოსტსაბჭოთა სივრციდან მას მხოლოდ აზერბაიჯანი უსწრებს, სადაც გამოკითხულთა 85%-ია მზად, ქვეყნის დასაცავად იომოს, თუ ეს საჭირო გახდება.
აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხის გაცემის კუთხით, გამოკითხულთა საერთო რაოდენობაში 18-34 წლამდე ასაკი დომინირებს, ხოლო ქალებსა და მამაკაცებს შორის შეფარდება 52%-ია 67%-ის წინააღმდეგ, მამაკაცთა სასარგებლოდ.
ამასთან, როგორც კვლევის ანალიზშია აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში (Middle East & North Africa - MENA) ქვეყნის დაცვის მიზნით საომრად მზადმყოფთა რიცხვი 83% შეადგენს, მაშინ როცა დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ია.
საინტერესოა, რომ რუსეთში ქვეყნის დასაცავად ომისთვის მზადმყოფთა რაოდენობა, კვლევის თანახმად, 59%-ია, უკრაინაში 62%, ხოლო სომხეთში - 72%.
დადებითი პასუხის კუთხით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია(13%), იაპონია(11%), დიდი ბრიტანეთი(27%) და საფრანგეთი(29%).
საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 64 შერჩეული ქვეყნიდან გამოკითხულთა 61%მზადაა იბრძოლოს ქვეყნისთვის, მაშინ როცა 27% უარს ამბობს, ჩაებას ომში, თუ ეს საჭირო გახდება თავისი ქვეყნის დასაცავად.
გამოკითხული რეგიონების რელიგიური ნიშნით დაყოფა აჩვენებს, რომ ყველა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის, მუსულმანური ქვეყნების მოსახლეობა ყველაზე დიდ მზადყოფნას გამოთქვამს ომისთვის - 78%.
საერთო ჯამში, ასოციაციის დირექტორის ჯან-მარკ ლეჟეს განცხადებით, "პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 61% მზადაა, ჩაერთოს ომში საკუთარი ქვეყნის დასაცავად".
ლაშა ბერულავა