
Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) - სტივენ სპილბერგის ამ ცნობილი ფილმის ქავერი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" გუკა რჩეულიშვილმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი დაკავება გუშინ ამაოდ სცადა - რჩეულიშვილი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო დაკითხვაზე, სადაც დღეს 11 საათზე იყო დაბარებული, არ გამოცხადდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი ძებნილად გამოცხადდება, ხოლო მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენეს. სამართალდამცველები "ცენტრ პოინტის" ერთერთი დამფუძნებლის დაკავებასაც ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რჩეულიშვილების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება "ცენტრ პოინტის" საქმიანობას უკავშირდება და გამოძიება, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. მაია რჩეულიშვილის თქმით, სამართალდამცველთა გააქტიურება პოლიტიკური ნიშნითაა განპირობებული, რადგან მან ღიად განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და კენჭისყრასაც აპირებდა. პროკურატურა ბრალდებას უარყოფს.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, შვილებთან ერთად დასასვენებლად მყოფი სამი შვილის დედა, "ცენტრ პოინტის" გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი, ასევე "ცენტრ პოინტის" ბათუმის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი დააკავეს.