-
2016-06-19 12:38
44 წლის "კანონიერმა ქურდმა" დავით გერლიანმა, იგივე "დათო სვანმა", რომელიც უკრაინიდან დეპორტაციას დაუქვემდებარეს და თბილისში გადმოაფრინეს, საქართველოს დედაქალაქის აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. თბილისში მისი ჩამოფრენა და აეროპორტის დატოვება "რუსთავი-2"-ის კამერამ გადაიღო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გერლიანი უკრაინიდან დეპორტაციას დაექვემდებარა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა. იმის გამო, რომ ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია (სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 5-დან 8 წლამდე ვადით), გერლიანს აეროპორტში სამართალდამცველები უნდა დახვედროდნენ და დაეკავებინათ, რადგან არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ "დათო სვანი" "კანონიერ ქურდობას" აღიარებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეროპორტში გერლიანი არავის დაუკავებია და არც კი შეუყოვნებიათ.
"ზღაპრების უკვე აღარ გვჯერა", - ასე შეაფასა მანანა კობახიძემ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაამატა, რომ თუ ვინმე კანონს არღვევს ამ ქვეყანაში, ის აუცილებლად დაისჯება და რადგან ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.
ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი შსს-ს. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არაა, როცა დავით გერლიანი საქართველოში ჩამოდის და აეროპორტს დაუბრკოლებლად ტოვებს: ის შარშან, მოსკოვშიც დააკავეს და საქართველოში გამოაძევეს, თუმცა, პრობლემები არც მაშინ შექმნია.
"რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ და როდის ჩამოხვედით რუსეთში? გაქვთ თუ არა ვიზა და რა იყო თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი? ხართ თუ არა "კანონიერი ქურდი?" -
რუსი სამართალდამცველების მიერ ვიდეოკამერის წინ დასმულ დავით გერლიანი, იგივე "დათო სვანი" 2015 წელს არცთუ ირონიის გარეშე პასუხობდა. ის ამბობდა, რომ რუსეთში იმიტომ ჩავიდა, რადგან ეს ქვეყანა უყვარს, ხოლო თავის სტატუსს ადასტურებდა და ამბობდა, რომ "კანონიერი ქურდია".
"დათო სვანი" წარმოშობით სოხუმიდანაა. "ქურდების ოჯახში" საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი პირია ასევე მისი სიმამრი, ოჩამჩირელი, 70 წლის ვალტერ ჯეჯეია, რომელიც, ასევე, "კანონიერი ქურდია". "დათო სვანს" "დედ ჰასანის" მემკვიდრეთა საწინააღმდეგო ბანაკში მოიაზრებენ. ის მონაწილეობდა 2015 წლის აპრილში, თურქეთში შემდგარ დიდ "სხოდკაში", სადაც "ანტიდედელებმა", მათი თქმით, უღირსი პირები სტატუსის გარეშე დატოვეს.