
იმ ტურისტებს, ვინც ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებში წელს ჩავა და ქუჩაში საბანაო კოსტუმით გამოჩენას გაბედავს, დააჯარიმებენ. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში კანონპროექტი უკვე შევიდა.
კანონპროექტის მიხედვით, იმ ტურისტების დაჯარიმებაა დაგეგმილი, რომლებიც არაზღვისპირა ადგილებში ნახევრად შიშველი გადაადგილდებიან. კანონპროექტის ავტორთა თქმით, მსგავს ზომებს ევროპის დიდ საპორტო ქალაქებშიც მიმართავენ. მაგალითად მან იტალიის რამდენიმე ქალაქი დაასახელა.
კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში დიმიტრი შამბა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სხვა მეთოდებით უნდა გადაიჭრას.
კანონპროექტის მიღებას წინ თითქმის არაფერი უდგას. მისი ამოქმედების შემდეგ, პირველ ჯერზე საბანაო კოსტუმით ქუჩებში გამოჩენა ხუთმაგი მინიმალური ხელფასის ტოლი თანხით დაჯარიმდება. გამეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი მკაცრდება.