
გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს სტატიას „მოაწექით, თორემ ,,დაგვერხა!“, სადაც გაზეთის კორესპონდენტი გიორგი სირაძე შეკვეთილში გიგანტური ტიტის ხის ზღვიდან ხმელეთზე გადმოტანის მცდელობის დროს მიმდინარე პროცესებს აღწერს.
"ხეების გადანერგვა რისკს არ შეიცავს. უპირველესად, სულ მცირე რაოდენობაზეა საუბარი, მეორეც, აქ არ ხდება ხეების მოჭრა, არამედ, უნდა გადაიტანონ, თან ძალიან კარგი საქმისთვის. ყველაფერი ეს ყოფილმა პრემიერმა უკვე განმარტა, რომ იქ, ახალი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, პარკი შენდება, რომელიც ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება მთელ შავიზღვისპირეთში.
ტურისტებს საშუალება ექნებათ, როგორც კონცერტებით დატკბნენ, ასევე ისიამოვნონ ჩვენი ბუნებით, ხეებით. ეს ძალიან კარგი ექსპერიმენტია, რადგან მომავალში გვეცოდინება, რომ, თუ საჭირო გახდება, ხეები კი არ მოვჭრათ, არამედ გადავრგოთ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ამას სპეციალური ტექნიკა სჭირდება. ჩვენ მსგავსი შემთხვევების თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები გვაქვს. ტიტის ხე და ჭაობის კიპარისი არ არის უნიკალური ჯიშის ხეები. წითელ წიგნში კი არა, ეს ორივე ხე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მერქნული ღირებულებისაა. ერთი მოზრდილი ნერგი 30 დოლარი ღირს.
პარკისთვის ამის გადატანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ეს ადგილობრივი სახეობა არაა, შემოტანილია, ლამაზია და პარკს დაამშვენებს. სწორედ დეკორატიული მიზნით გადაწყდა მისი გადატანა. ეს უნდა ჩავთვალოთ, როგორც კარგი ექსპერიმენტი. ევროპაში, პარკებში, ყველა ხესა თუ მცენარეს აქვს წარწერა, საიდან, როგორაა ჩამოტანილი და ა.შ. ციხისძირის მკვიდრებს მივმართავ, რომ ეს მათი სოფლისთვის კარგი რეკლამა იქნება, რადგან ამ ხეებს, ალბათ, დაეწერება, რომ სოფელ ციხისძირიდან არის აღებული, თან, ივანიშვილმა განაცხადა, ამ ხეებს სანაცვლოდ უფრო მეტს დავრგავო'', - ამბობს ,,მწვანეთა პარტიის'' საერთაშორისო მდივანი მერაბ შარაბიძე.
როგორც კომპანია ,,ზიმოს'' წარმომადგენელმა, ირაკლი შანავამ განაცხადა, დარჩენილი ორი ხის გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოები მალე დაიწყება, თუმცა გადატანის ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არაა. ამასთან კომპანიის წარმომადგენლები სპეციალისტებთან კონსულტაციებს გეგმავენ, როდისთვის დაიწყონ გადარგვის სამუშაოები, რათა მცენარე არ გახმეს...
წყარო: გაზეთი "ვერსია"