
რეჟისორი, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა "2030"-ის სტუდიაში ადასტურებს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში ნამდვილად მიმდინარეობს მისი ფილმის "9+1" გადაღება.
ხაინდრავას თქმით, გადაღების უფლება ყველა პროცედურის გავლით მიიღეს. რეჟისორი ამბობს, რომ ეს აპრობირებული მეთოდია და მსგავსი გადაღებები თეთრ სახლსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც ხდება:
"მოგეხსენებათ, ფილმების გადაღება თეთრ სახლში, გაეროში და სხვაგანაც ხდება. მოლაპარაკებებს 2 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით და გადაღების უფლება ყველა პროცედურის დაცვით მივიღეთ, რადგან ეს ობიექტი სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება. არსებობს გარკვეული წესები, რომელიც უნდა დავიცვათ და გარკვეული ინფორმაცია - რომელიც გარეთ არ უნდა გავიტანოთ.”
ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ მალე ფილმს მთელი მსოფლიო ნახავს. მისი თქმით, მაყურებლის წინაშე ფილმი მაისში წარდგება:
„სახელმწიფოს ფუნქციებს ვერ ვიკისრებ, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენებ, როგორ ხდებოდა ბოროტების მანქანის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში სააკაშვილი ედგა და რა დამართა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ საზოგადოებას, პირველ რიგში - ციხეებში.”, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.