
დღეს, 23:50-ზე, ჭავჭავაძის 51-ში (რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობა) უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორია პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება". აქციას უერთდება ანსამბლი "სუხიშვილები" რომლებიც აქციაზე "ხორუმს" იცეკვებენ.
აქცია უკვე დაანონსდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქშიც". შეგახსენებთ, უკრაინელი მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ "აიდარის" შემადგენლობაში მოხალისის სტატუსით იბრძოდა, 2014 წლის ივნისში პრორუს სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდა, რის შემდეგაც ის რუსეთში გადაიყვანეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. უკვე დაპატიმრების შემდეგ სავჩენკო უმაღლესი რადის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად აირჩიეს. თუმცა, რუსეთის სასამართლომ მისი იმუნიტეტი არ გაითვალისწინა და გათავისუფლებაზე უარი უთხრა.