
კომპანია „ბილაინი“ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსულ კომპანია „ვიმპელკომთან“ შეთანხმებით ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის მომსახურე სერვერების გადატანას რუსეთში გეგმავს.
ინფორმაცია სერვერების შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, „ბილაინი“ თავისი მომსახურების გადატანას რუსეთის სერვერებზე აპირებს და ეს შეთანხმება კონფიდენციალურია. წყაროს თქმით, „ბილაინი“ რუსეთში სხვა შიდა სერვისის გადატანასაც გეგმავს.
„ბილაინის“ წარმომადგენელი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის დაუკავშირდა, ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეროვნულ კომისიასთან არანაირი მოლაპარაკება და სეთანხმება, მით უმეტეს, კონფიდენციალური, არ შემდგარა. მისივე თქმით, აბსურდულია სერვერების რუსეთში გადატანის ვერსიაც:
„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ გვავალდებულებს, რომ ჩვენი სერვერები აქ იყოს განთავსებული, ასე რომ, ვერსია სერვერების გადატანის შესახებ აბსოლუტურად მცდარი და აბსურდულია“, - ამბობს გიორგი ტყეშელაშვილი.
შეგახსენებთ, რუსული კომპანია „ვიმპელკომის“ ხელში ქართული ინტერნეტსივრცის გადასვლის საშიშროებაზე განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. პოლიტიკოსმა ყურადღება „ვიმპელკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაამახვილა, თუმცა, „კავკასუსმა“ საპასუხო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არ ეხებოდა სახმელეთო მაგისტრალური სადენების გასხვისების თემას.