-
2016-02-07 23:52
სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ამ ეტაპზე "კავკასუს ონლაინს" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" აქვს მოლაპარაკება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება.
"კავკასუს ონლაინის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე "კავკასუს ონლაინს" აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება.
პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა. კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. როგორც ირაკლი ალასანიამ გუშინ "კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.
ალასანიას ამ განცხადებას დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ უპასუხა. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ, საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.