
30 წლის ირაკლი იმნაძემ 18 იანვარს, აღმაშენებლის გამზირზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ის, რომ აღმაშენებლის გამზირზე ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად ირაკლი იმნაძისაა, შსს-მაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი იმნაძე საზოგადოებისთვის ცნობილი 13 ივნისის სტიქიის დროს გახდა. იგი, მეგობართან ერთად, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავშესაფარში ცხოველების გადასარჩენად მივიდა.
„თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA – ს თავშესაფარში, თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები.
დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად….
18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა. “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს. “მე თქვენ – ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით დაგვტოვა ირაკლიმ“, - წერს „ფეისბუქზე“ ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე.