-
2015-12-14 15:07
საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 2010 წელს გაავრცელა. გავრცელდა ასევე ოპერატიული კადრები.
ერთერთ ვიდეოში ასია მუსემიანის (ანასტასია ზაუტაშვილი) საუბრის ჩანაწერია კილერთან, სადაც ის ნუგზარ ბოჭორიშვილისგან (ჯგუფის ერთერთი წევრი) ფულის გამოძალვის მოსურნე კურიერის მკვლელობას უკვეთავს და ამბობს: “არაფრის ხალისი არ მაქ, სანამ მის სისხლს არ დავლევ…”.
ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სწორედ სვანიძის სახლში, ტყაჩირში ამოიღეს ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.
ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ანასტასია ზაუტაშვილს თავისუფლების აღკვეთა 30 წლით მიესაჯათ, აქედან ბოჭორიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. რაც შეეხება ზაუტაშვილს, მას 2012 წლის ამნისტიით სასჯელი 12 წლამდე შეუმცირდა. მეექვსე წელია, ის ციხეშია. სწორედ მის შეწყალებას სთხოვდნენ ალეკო ელისაშვილს მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, რაც კობახიძემ დაადასტურა კიდეც.
„კვირის პალიტრის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბოჭორიშვილი აღნიშნული თხოვნით დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი გახლდათ. თუმცა წყაროს ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება მოითხოვა და თავისიც გაიტანა.
სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა. წყაროს მტკიცებით, ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეწყალების კომისიაში განსახილველად ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში შევიდა, თუმცა საქმე შეწყალების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რაც დანაშაულში მონაწილე პირების მიერ სასჯელის ნახევრის მოხდას გულისხმობს. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის საქმის არსებით განხილვაზე კომისიამ უარი განაცხადა. კომისიისგან უარი მიიღო ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, რომან მუსემიანმა.
მანანა კობახიძე „კვირის პალიტრასთან“ ადასტურებს, რომ მართლაც ითხოვდა „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულთა შეწყალებას:
„დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი.
შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო“.