-
2015-12-11 13:14
ასე გამოეხმაურა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რუსულ მედიაში, შემდეგ კი ქართულ ონლაინგამოცემებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრემიერლიგის ერთერთ გუნდში სამუშაოდ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ.
„რუსეთის არცერთ კლუბთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ, ეს სიცრუეა“, - განაცხადა შოთა არველაძემ.
ბოლო წლებში შოთა არველაძე თურქულ საფეხბურთო კლუბებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე არასდროს გამოირჩეოდა რუსეთის საფეხბურთო სამყაროსკენ ლტოლვით და თავის დროზე, რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ დიკ ადვოკაატის მიწვევაზეც უარი თქვა, ხოლო რუსულ გამოცემა „ფუტბოლთან“ ამ გადაწყვეტილების ახსნის დროს, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც ისაუბრა:
„დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში თანაშემწედ მიმიწვია. ის “რეინჯერსიდან” და “ალკმაარიდან” მიცნობდა. თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის ომი ახალი დასრულებული იყო და ორი თვის მერე რუსეთის ნაკრებში მიმიწვიეს. უარი ვუთხარი. დიკს გაუკვირდა და მითხრა:
“რას ამბობ? ასეთ სამუშაოზე ყველა ოცნებობს!”. შემდეგ ის სარსანიას ესაუბრა, რომელმაც განუმარტა, რომ თუ დავთანხმდებოდი, საქართველოში ამას ვერ გაიგებდნენ. გუნდში მუშაობა პრობლემა არაა, მაგრამ ნაკრები...
იქ ხომ ჰიმნია, დროშაა. რუსეთის ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ. ისე არაა, რომ ვინმე მეჯავრება, უბრალოდ არ შემიძლია.
- ნაწყენი ხართ?
- ძნელია ამ ყველაფერის ყურება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა, სადღაც ზემოთ ადამიანები სხედან, რომლებიც ყველაფერს 100 წლით ადრე ხედავენ. ეს უმაღლესი ლიგაა, რომლის მოთამაშეები გლობალურ სიტუაციას მყისიერად ცვლიან. სამწუხაროდ ასეა. ჩვენ არავისთვის არაფერი გვითხოვია.
საქართველოსა და რუსეთს შორის ტრაქტატი 1783 წელს დაიდო. მანამდე რუსეთი არაფრით გვეხმარებოდა. თუმცა, მე-18 საუკუნემდე ხომ მივაღწიეთ. ქრისტიანები 325 წელს გავხდით, ბიბლია ქართულად დავწერეთ. საბჭოთა კავშირი რა, ჩვენ დავანგრიეთ?
საბჭოთა კავშირში კარგი არაფერი იყო. ფიზიკოს-ქიმიკოსები იარაღს აკეთებდნენ, დანარჩენები... რეჟიმი რეჟიმია და თავისუფლად ვერ იცხოვრებ. ვის არ უნდა, რომ ყველაფერი ღია იყოს? შემდეგ აფხაზეთი და ოსეთი – ეს ჩვენთვის როგორც ერთი და მეორე ხელია.
ოსეთი საერთოდ უძველესი ქართული მიწაა. ეს ჩვენი ტკივილია. როდესაც იქ ქართველი აღარ დარჩა, გვითხრეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ.
ე.ი. ერთი ხელი წამართვი და მეუბნები: “მოდი, ვიმეგობროთ”. მე კი გპასუხობ: “შვილი დამიბრუნე და მოსალაპარაკებლად მერე დავსხდეთ”. რუსეთის “პირველმა არხმა” გამოაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ასეთი რამ შესაძლებელია?“, - კითხულობდა „ფუტბოლთან“ შოთა არველაძე.