
ჰოლდინგ "აფხაზეთის ხმაში" შემავალი მედიასაშუალებები შეშფოთებას გამოვთქვამთ „რუსთავი-2“-ის მმართველობასთან და ზოგადად, სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების უხეში ჩარევის გამო, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივას.
"აფხაზეთის ხმა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის იქეთაც თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ მიმართული, დიქტატორული მმართველობის კონტურები იკვეთება.
„აფხაზეთის ხმა“ ეთანხმება რიგი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომ მსგავსი პრაქტიკა აშორებს საქართველოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არაერთხელ და ცალსახად გაცხადებულ მიზანს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
„აფხაზეთის ხმა“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უერთდება "რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერ აქციებს და საინფორმაციო გამოშვებების ძირითად დროს უთმობს მოვლენების საგანგებო რეჟიმში გაშუქებას როგორც რადიოს ეთერში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მოუწოდებს სხვა მედიასაშუალებებს, გაერთიანდნენ დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მთავარი თემის - სიტყვის თავისუფლების დაცვის ირგვლივ.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა"