
ტელეკომპნია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო ჯანგირაშვილის კედელზე „ფეისბუქში“ „რუსთავი-2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ქიბარ ხალვაში დისკუსიაში ჩაერთო. დისკუსია ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს მოჰყვა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას ამ დისკუსიიდან.
ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ 2006 წლით დათარიღებული ფინანსური დოკუმენტი, რომელიც სასამართლოზე წარმოადგინა, კომპიუტერში მას ჰქონდა შენახული და მას ბეჭედი არ სჭირდება, მისივე თქმით, ლოგოც და ახალი პროგრამებიც საკუთარი ფინანსებით შეიძინა, რათა „გაბანკროტებული კომპანია წუმპიდან ამოეყვანა“, თუმცა, ექსპერტ ნინო დანელიას შეკითხვაზე, სადაა გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ლოგოს ჩანახატები, ვერ უპასუხა.
ქიბარ ხალვაში დისკუსიისას გამოთქვამს იმედს, რომ საქმეს მოიგებს : „მიშას წართმეულს ღმერთით ისევ უკან წავართმევ და ქვეყანას დავუბრუნებ“, - ამბობს ის, ხოლო სხვა ადგილას, როცა დისკუსიის ერთერთი მონაწილე მას „პაიკს“ უწოდებს, პასუხობს: „იმედია, მაგ საქმეს მოვიგებ და ვინ პაიკია და ვინ შვანცკი, მაგასაც ვნახავ“.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი უხერხულობა არ გააჩნია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა არამარტო ტელევიზია, ბევრი რამ წაართვა და აიძულა, რვა წელი ემიგრაციაში გაეტარებინა: „არავითარი უხერხულობის გრძნობა არ მაქვს, ნეტა კიდევ ბევრ რამეს მივწვდე“, - წერს ის შეკითხვის პასუხად, გრძნობს თუ არა უხერხულობას ამ ფარსი სასამართლო პროცესის გამო.
მოგვიანებით ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილს „გიჟს“ უწოდებს, ჰიტლერს ადარებს და წერს, რომ თავიდან ჰიტლერიც „ლიბერალი“ იყო და ხალხზე ზრუნავდა, მაგრამ საბოლოოდ მისი სახელი და პარტია ხალხმა აკრძალა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დისკუსია ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს მოჰყვა, ხოლო დისკუსიაში ჩაერთნენ ქიბარ ხალვაში, მანანა ნაჭყებია, ნინო დანელია, თავად სტატუსის ავტორი და რამდენიმე სხვა პირი:
ნინო ჯანგირაშვილი:
„მაინტერესებს : რომ გამოვიდე და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაღაც კომპანია მილიონ დოლარად ვიყიდე, დოკუმენტურად და ბუღალტრულად კი მხოლოდ 50 000 დოლარის გადახდა მქონდეს დაფიქსირებული, არ დამიჭერენ?“.
გთავაზობთ ამ სტატუსის ქვეშ ქიბარ ხალვაშის კომენტარებს განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სადაც კარგად ჩანს მისი პოზიცია. კომენტარები ერთობლიობას არ წარმოადგენს, ანუ, ერთ ჯერზე დაწერილი არაა და ისინი სტატიაში გამოყოფილია ერთმანეთისგან. ეს არ გახლავთ დისკუსიის სრული ვარიანტი. დისკუსიის ასლი სქრინშოტების სახით ინახება რედაქტორთან.
ქიბარ ხალვაში:
„მე არ ვთვლი, რომ ჩემი იმიჯი ამით შეილახება, მე სხვა გზა არ დამრჩა. მარტო ტელევიზია კი არა კიდე ბევრი რამე გამინადგურა პირადად სააკაშვილმა რომლის საკუთრებაშიც არის რუსთავი2 , პლუს რვა წელი ემიგრაცია. არავითარი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია, ნეტა კიდე ბევრ რამეს მივწვდე“;
„იმ საბუთს ბეჭედი არ ჭირდება. ის რაღაც ფურცელი არის კომპანიის ბალანსი რომელიც იყო 2006 წლის ნოემბერში. მილიონებს ჩანთით თქვენ რომ იცავთ ისინი ატარებდნენ ქვეყანა რომ გადაიყოლეს და ახალი წესრიგი შექმნეს. შემეშალა რომ მათთან ვმეგობრობდი, შესაბამისად მე ჩემი წილი დანაშაულის წილი ვიზღვიე, ჩემს მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ერთად. ასე რომ ჩემი ჯერი მორჩა.
არავისთვის არაფერი არ "ამიხევია"'- თუ გინდა დაგიმტკიცებთ შენ რომ თვლი იმ ახეულებთან ერთად. ოღონდ მიშას რამეს ავახევდე და ნამუსი არ შემაწუხებს. ეს გაცილებით ნაკლებია რაც მიშამ და თქვენმა მეგობრებმა მაზარალეს. ხატვაც ვიცი , შრომაც და მათემატიკაც და ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული რუსთავი2 თვის, იმაზე მეტი ვიდრე გვარამიას უკეთებია.
თქვენსგან განსხვავებით ადამიანებს პირად შეურწყოფას არ ვაყენებ, არც პირადი ინიციატივით და არც სხვისი მითითებით. პაიკები მოიკითხე მიშას ჯარში, ყველა რომ უნდა გაიწიროს, მეფე რომ გადარჩეს იმისთის. იმედია მაგ საქმეს მოვიგებ და ვინ პაიკია და ვინ შვანცკი ვნახავთ“ - ამ კომენტარით ქიბარ ხალვაშმა ექსპერტ ნინო დანელიას კომენტარს უპასუხა, რომელიც წერდა:
„ჯვარი აქაურობას და ჯერ ერთი ხელისუფლება რომ მიყენებდეს სხვისი ქონების ამხევად და მერე მეორე, იმიჯის შელახვაზე როგორ ვილაპარაკებდი...
მილიონები რომ მეტარებინა ჩანთით და ოფიციალურად დამემალა ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ფული მეთეთრებინა, მერე მეთქვა, ლოგო მე დავხატე და უკანასკნელი გმირი მე შევქმენიო, რაღაც ციფრები წარმედგინა სასამართლოზე უბეჭდო, უბლანკო ქაღალდზე, რომელზეც ხელმომწერს არ აქვს საბუთი, რომ ის ფინანსური მენეჯერი იყო, მერე მთავარ მოწმეს რომ ეთქვა ჩემი მოწინააღდეგის ადვოკატისთვის, ჯენერალ მოტორსის სახელით რომ წარმოგედგინათ იგივე დოკუმენტი, უარს არ გეტყოდით დამტკიცებაზეო, ძალიან შემრცხვებოდა როგორც ორი ქვეყნის - საქართველოს და გერმანიის მოქალაქეს, როგორც ბრძანეთ.
ისე, ცნობისთვის, არცერთ ამ ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს... სიმართლეს ნეტა ცხოვრების რა ეტაპზე ლაპარაკობთ? რად გიღირთ ასეთი თავის მოჭრა საქვეყნოდ და საშვილიშვილოდ?“.
ამავე თემაზე ნახეთ ეს სტატია