-
2015-07-04 09:52
კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა წერს, რომ მამამისის მეუღლე ნატალია და ღვიძლი და ნუნუ კახა ბენდუქიძის შვილად მისი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან.
ანასტასიას თქმით, მამიდამისი ცდილობდა, მას შეეწყვიტა ინტერვიუების მიცემა და სახალხოდ იმის აღიარება, რომ კახა ბენდუქიძის შვილია, ახლა კი სასამართლოზე მის წინააღმდეგ ბენდუქიძის მეუღლის მოწმეა. მისივე თქმით, ნატალიამ კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურა, რაშიც ნუნუ ბენდუქიძემ სრულად დაუჭირა მხარი.
"უკანასკნელი 8 თვე განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის - არა მარტო იმიტომ რომ მე დავკარგე მამა/დამრიგებელი/ საუკეთესო მეგობარი, არამედ იმიტომაც, რომ მამაჩემის ერთადერთი და - ნუნუ და მამაჩემის მეუღლე - ნატალია, კახას შვილად ჩემი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან. თავდაპირველად ნატალიამ მამაჩემის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურა და ამაში ნუნუმ სრულად დაუჭირა მხარი. შემდეგ ნუნუ ცდილობდა, რომ მე შემეწყვიტა ინტერვიუების მიცემა და სახალხოდ იმის აღიარება, რომ კახა მამაჩემია.
ახლა კი ვგებულობ, რომ ნუნუ (მამაჩემის ერთადერთი ღვიძლი და) სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ ნატალიას მოწმეა. ყოველდღე მე ვიხსენებ ფოტოს, რომელიც მამაჩემმა პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის წინ გამომიგზავნა წარწერით „ ნასტია, იბრძოლე ჩემთვის“.
მე მახსოვს ეს სურათი და ჩემს თავს ვახსენებ, რომ უნდა ვიყო ძლიერი, როგორც მან მასწავლა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლო. წარმატებები მისურვეთ, მესამე სასამართლო მოსმენისთვის. იმედია, ისინი ვერ შეძლებენ საქმის გაჭიანურებას და გადადებას კიდევ ერთხელ“ - წერს ანასტასია გონჩაროვა.
მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც, ძირითადად, ანასტასია გონჩაროვას ამხნევებდნენ და წარმატებას უსურვებდნენ, თუმცა, იყო მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი კომენტარებიც, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:


ანასტასია გონჩაროვას სტატუსზე ერთერთი საინტერესოა ასევე "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტის თეა ადეიშვილის კომენტარი, რომელიც იხსენებს, რომ ნუნუ ბენდუქიძემ ურჩია, არ ჩაეწერა ანასტასია (საუბარია პერიოდზე, როცა თეა ადეიშვილი სიუჟეტს ამზადებდა კახა ბენდუქიძის გარდცვალებიდან ცოტა ხანში, როცა ოჯახის წევრებსა და ანასტასიას შორის ღია დაპირისპირება არ არსებობდა, - რედ.). თეა ადეიშვილი იქვე წერს ანასტასია გონჩაროვას, რომ მზადაა, სასამართლოზე მოწმის სახით მივიდეს და დაადასტუროს ის, რასაც იხსენებს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბენდუქიძის ანდერძი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ის დაიკარგა, თუმცა, არსებობს მისი გადამალვის ან განადგურების ვერსიაც.
ამავე დროს, არსებობს ვარაუდი, რომ კახა ბენდუქიძეს ანდერძი ნამდვილად ჰქონდა შედგენილი და მისი დეტალების შესახებ მამისგან იცოდა ანასტასია გონჩაროვამაც. ამ ანდერძის მიხედვით კახა ბენდუქიძის ქონება, თითქოს უნივერსიტეტზე და მის ქალიშვილზე უნდა გადანაწილებულიყო.
როგორც ცნობილია, კახა ბენდუქიძე სიცოცხლეში არ ახდენდა იმის აფიშირებას, რომ ქალიშვილი ჰყავდა, ასევე იქცეოდა ანასტასია გონჩაროვაც, თუმცა, ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად, ანასტასიას მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალებით ცნობილი გახდა, რომ მამა-შვილს ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა და განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა.