
კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ონიანი "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს, რომ სააგენტოს ნებართვის გარეშე შეცვლილია ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვა სვეტიცხოველში.
მისი თქმით, საფლავის ქვის ცვლილების ესკიზი საპატრიარქომ სააგენტოში 2014 წლის 24 მარტს, ქორეპისკოპოს იაკობის ხელმოწერით შეიტანა, თუმცა სააგენტოს ჰქონდა შენიშვნები, საფლავის ქვის ფერსა და სიმაღლესთან დაკავშირებით.
ამის მიუხედავად, საფლავის ქვა მე-11 საუკუნეში აგებულ სვეტიცხოველში სააგენტოს ნებართვისა და შენიშვნების გათვალისწინების გარეშე შეცვალეს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა. ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში პროექტს ჯერ საპატრიარქოს რესტავრაციის საბჭო განიხილავს და შემდეგ უგზავნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განსახილველად.
თეა ონიანი განმარტავს, რომ საფლავის ქვის ცვლილება არ წარმოადგენდა აუცილებლობას, ეს არ იყო აუცილებელი სამუშაო, რომელიც ძეგლის გადარჩენის მიზნით უნდა ჩატარდეს, თუმცა მისი შეცვლით არ მომხდარა ძეგლის მნივშნელოვანი დაზიანება.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს არქიტექტორი კი აცხადებდა, რომ სვეტიცხოვლის იატაკისა და საფლავის ორი ქვის განახლებაზე ერთი წელია მუშაობს და სააგენტო საქმის კურსში იყო.
"ნეტგაზეთი"
P.S. - "აფხაზეთის ხმა" ულოცავს კოლეგებს "ნეტგაზეთიდან" პრესის ევროპული ჯილდოს მიღებას და უსურვებს წარმატებებს იმ ნიშის შენარჩუნებაში, რაც გამოცემას დაარსებიდან დღემდე ქართულ ინტერნეტსივრცეში უკავია.