-
2015-06-29 11:41
ოდესის ოლქის პროკურორის მოადგილე ტატიანა გორნოსტაევა, რომელიც უკრაინის გენპროკურორის შოკინის გერია, დეკრეტულ შვებულებაში გადის, თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ის თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს.
როგორც ცნობილია, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ტატიანა გორნოსტაევა საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "გორნოსტაევას ინტერესები შეუძლებელია, იყოს სახელმწიფოს ინტერესები", ხოლო შემდეგ დაიქადნა, რომ კომისიას პროკურატურის არასწორი მუშაობის ამსახველ მასალებს გადასცემდა.
სააკაშვილს გორნოსტაევას შესახებ შეკითხვა ორი დღის წინ, "შუსტერ ლაივშიც" დაუსვეს. კონკრეტულად,მას ჰკითხეს, გაირკვა თუ არა გორნოსტაევას - გენპროკურის გერის საკითხი. "აუცილებლად გაირკვევა!", - მოკლედ უპასუხა მაშინ შეკითხვას სააკაშვილმა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გორნოსტაევა დეკრეტულ შვებულებაში გადის.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გორნოსტაევასადმი ბრალდებებზე კომენტარი უკრაინის გენპროკურორმაც გააკეთა: "მე მისი მამა არ ვარ და მის შესახებ მან საჯაროდაც განაცხადა, რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს, მას ჯერ არანაირი მასალები არ წარმოუდგენია, რის საფუძველზეც ჩვენ გორნოსტაევას საქმიანობის შესწავლას დავიწყებთ. მე ვიცი, რომ მისი სარჩელებით სახელმწიფოსთვის დაბრუნებული თანხა 140 მილიონ გრივნას შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში, სარჩულთა მიხედვით, ქვეყანას 400 მილიონი გრივნი უნდა დაუბრუნდეს", - აღნიშნა შოკინმა.