
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ვერტმფრენების გამოყენება 13 ივნისს მიზანშეწონილი არ იყო და ასე რომ მომხდარიყო, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ვერტმფრენების გამოყენება „კომუნიკაციებით დატვირთული ქუჩის თავზე“ მათ ჩამოვარდნას გამოიწვევდა:
„სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით თურმე უნდა განხორციელდეს ქუჩის თავზე, რომელიც დატვირთულია და მთლიანად სავსე არის სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით. ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ვერტმფრენების შსს-სთვის გადაცემასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:
„არ ვისურვებდი შსს-ს ადგილზე ყოფნას, იმ ხარჯიდან გამომდინარე, რაც ნებისმიერი ტიპის სამაშველო და პოლიციური მისიის შესრულებისას მოუწევს გაიღოს უწყებას ამ ვერტმფრენებისთვის“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.