
უცხოეთში მყოფი ახალგაზრდების ნაწილის რეაქციაზე პატრიარქის საკვირაო ქადაგების მიმართ გამოცემა "17 მაისი" წერს. მას რამდენიმე ახალგაზრდა დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას, 7 ივნისს განაცხადა: “ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს”. პატრიარქმა ასევე, დაამატა, რომ ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას და ისეთ შემოსავალს ეძებს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო.
მამუკა საფარიძე, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა, პატრიარქის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ამბობს, რომ საზღვარგარეთ, ჩეხეთში, სწავლის პერიოდში არ შეხვედრია ქართველი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მუშაობა, თანხის გამომუშავება შეეძლო და მაინც უცხოეთში წასულა. ამას გარდა, მისი თქმით, აჭარაში, სადაც თავად ცხოვრობს ამჟამად, უამრავი ახალგაზრდა დაუსაქმებელია. საფარიძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში სამუშაოდ მიდის, ნაწილი კი თხილისა და ჩაის კრეფის სეზონზე მუშაობს.
საფარიძის თქმით, წარმოუდგენლად დიდი ჯაფის მიუხედავად, მოსახლეობა ეკონომიკურად ისევ შეჭირვებულია, რაც აიძულებთ მათ მეზობელ ქვეყანაში წავიდნენ, დახარჯონ იგივე ენერგია და უფრო მეტი ანაზღაურება მიიღონ. აქვე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები არც მიწაზე მუშაობას გაურბიან და ახერხებენ, რომ მოვლილი სახლ-კარი ჰქონდეთ, დამუშავებული მიწები და ფუტკარიც მოშენებული სკებში.
“რა ვქნათ, აქ ვერც ხელისუფალი გვყავს გონიერი და ვერც სულიერი მამები, არცერთია ჩვენი პატრონი, ამიტომ მივდივართ სხვა ქვეყანაში და ვმუშაობთ, რომ არ დავიხოცოთ შიმშილით”, – განაცხადა მამუკა საფარიძემ.
აქვე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს განცხადებების უმრავლესობა არაადეკვატურია და რეალობას არ შეესაბამება, რადგან “კონდინცირებულ რეზიდენციებსა და ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემით უზრუნველყოფილები” ცხოვრობენ.
ნინო გოგოლაძე (რესპოდენტის თხოვნით, სახელი და გვარი შეცვლილია), რომელიც გერმანიაში სწავლობს, ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პატრიარქი ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს.
“ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პატრიარქი, თავისი გამონათქვამით, ამა თუ იმ ჯგუფს რაიმე სახით შეურაცხყოფს ან მარგინალიზებას უკეთებს. კონკრეტულად ამ განცხადებას რაც შეეხება, არაფერია “მოსამსახურედ მუშაობაში” დასაგმობი ან დამამცირებელი. მეორეც, ახალგაზრდების უმეტესობა სწავლობს და სწავლის პარალელურად მუშაობს, ამაში კი რაიმე ნეგატივის დანახვას მხოლოდ უგუნური ადამიანი თუ მოახერხებს”, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (NDI), რომელში მონაწილეობაც 4360 ადამიანმა მიიღო და მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა, მოსახლეობა მთავარ პრობლემად (66%) უმუშევრობას ასახელებს. 43 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაცია და ფასების ზრდა აწუხებს, ხოლო 39 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნისათვის პრობლემას სიღარიბე წარმოადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 95 064 ადამიანი შეადგინა.