
რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი 2012 წელს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში, უკრაინაში, კიევის აეროპორტ „ბორისპოლში“ ყოფნისას წერდა, რომ აეროპორტში საშინელი სიტუაციაა და ხუმრობდა, რომ აეროპორტის გასაკეთებლად უკრაინაში „მიშას და მისი გუნდის“ გაგზავნა იყო საჭირო.
„ახლა როცა ამ სტატუსს ვწერ, შუაღამე არ იწვის და არ დნება, სამაგიეროდ ვზივარ კიევის აეროპორტში, ბორისპოლში, სადაც ცხრა საათი უნდა ვიყურყუტო თბილისის რეისის მილოდინში, რადგან ქალაქში არ მიშვებენ. არა, მარტო მე კი არა, საერთოდ არავის არ უშვებენ, წესია ასეთი, არ შეიძლებაო.
იქნებ ფრენა გადავიფიქრე და ა.შ. არგუმენტები არ ჭრის, უკვე ვცადე. არადა ხომ ვიცი, ოცი ევრო რომ ჩაუკუჭო ჯიბეში, ვინც არ გიშვებს ის გაგიყვანს ოცდაათი ცხენოსნის თანხლებით... გარდა ამისა, სასტიკად მშია და აქ არაფერი არ იყიდება დიუთი ფრის შოკოლადებისა და პომიდორ-მაიონეზიანი სენდვიჩების გარდა. პირველი არ მინდა, მეორე არ მიყვარს და ვარ ასე...
ჰოდა რა მინდა ვთქვა: ეს კოჰაბიტაციაა თუ რაღაც დოზანა, მაინც ჭრიჭინებს და რა მოხდება მიშა და მისი დიდი გუნდი მოძმე უკრაინას ვაჩუქოთ? თან დასჯის მიზნით და თან აეროპორტს ხომ ნაღდად გააკეთებენ? მერე კი იძახებს მსოფლიოში საუკეთესოაო, მაგრამ ზონად მაინც არ გადააქცევს მოსაცდელს... მანამდე კი მაინც დამაბრუნეს წარსულში ამ დამპლებმა! ეჰ...“.