-
2014-01-20 22:40
თაკო მერაბიშვილი 21 იანვარს პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მეუღლემ „ფეისბუქზე’ დაწერა.
როგორც ირკვევა, პროკურატურა „გირგვლიანის საქმის“ შესახებ თაკო მერაბიშვილს შეკითხვებს უკვე მესამედ დაუსვამს. თაკო მერაბიშვილი წერს, რომ როგორც მანამდე, ხვალაც დროულად გამოცხადდება დაკითხვაზე:
„ხვალ მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა მე ხვალაც, ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში დროულად გამოვცხადდები დაკითხვაზე და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ვუპასუხებ გამომძიებლის შეკითხვებს, ვინაიდან ჩემს ინტერესებში შედის ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოოდ სიმართლის დადგენა და საქმის დასრულება.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მე უკვე ორჯერ მაქვს გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული და მათ სრულად მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩემი ხელახალი დაბარება პროკურატურაში.
მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლის მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ოჯახზე და ამ გზით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც არ გამოუვიდათ წინა მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად“, – წერს თაკო მერაბიშვილი.