-
2014-03-21 08:09
ქართველი ჟურნალისტი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროპის ბიუროს წარმომადგენელი ქეთი ქარდავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ფორმულირების გამო არ დაეთანხმა და საქართველოს მაგალითი შეახსენა.
ქეთი ქარდავას პროტესტი გამოიწვია შულცის მიერ ფორმულირებულმა ფრაზამ, რომ უკრაინის აგრესია არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპული ქვეყნის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.
ქეთი ქარდავამ „ფეისბუქზე“ აღწერა მომხდარი ფაქტი:
"რამდენიმე წუთის წინ დავესწარი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის პრესკონფერენციას. შულცი რასმუსენთან ერთად სამიტს ესწრებოდა. შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში საგანგაშო ვითარებაა.
ევროპა ერთიანია და რუსეთის ქმედებებს გმობს. საგანგაშოა სიტუციაა იმის გამოც, რომ როგორც შულცმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღეულა. !!!! ამის მერე უკვე აღარ მახსოვს ბატონმა შულცმა რა თქვა. მოვითხოვე კითხვა. მიკროფონიც მალე გადმომცეს. ესეც ჩემი კითხვა - ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წუთის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ არ დარღვეულა აქამდე ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერეტიტეტი. მე ვარ საქართველოდან, ნება მიბოძეთ გითხრათ რომ არ გეთანხმებით.
საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსი ჯარისკაცები დგანან დედაქალაქთან ახლოს. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, ფიქრობთ რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება და არ იქნება უკრაინის მერე მაგალითად, საქართველო და მოლდოვა. ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა და მანამდე პოლიტკური და ეკონომიკური ინტეგრაცია? პასუხი: მე ცივი ომი ვახსენე, ყირიმში კი სახეზეა ანექსია.
და ამის შემდეგ განაცხადა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის გამო უგზავნის ევროპა ძლიერ სიგნალს რუსეთს. P.S. მე მგონი მეხსიერება არ მღალატობს და საქართველოს ოკუპაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა! "- წერს ქეთი ქარდავა.