-
2014-12-04 18:58
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საკუთარ პირველ მოადგილედ ნინო ბურჯნაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ღირსიაშვილის შესახებ "აფხაზეთის ხმა" ორ დეკემბერს წერდა, როცა სტატია "ანტიდასავლური შინაარსის სიუჟეტის ავტორს თავდაცვის სამინისტროში საგარეო ურთიერთობა ჩააბარეს" გამოაქვეყნა.
რაც შეეხება გიორგი კანდელაკს, მან "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია გაახმიანა:
"ის ფაქტი, რომ იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ოფიციალურად გამოდის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩააბარეს სწორედ ნატო-სთან ურთიერთობები, ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანია. ცნობისთვის, ღირსიაშვილმა საზღვარგარეთ საკუთარი სამსახური 2013 წელს მიატოვა სწორედ იმისთვის, რათა ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, ღირსიაშვილი არ არის მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ბურჯანაძის პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი.
"ამავე პარტიის დარბაზის წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა. იგივე პარტიის წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო თეიმურაზ მურღულია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლებმა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში არა ნინო ბურჯანაძეს – ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ თანამოაზრეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მისცა.
"აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე, ოკუპანტის ოფიციალური პარტნიორის ფარულ ხელისუფლებაში მოსვლასთან თუ ამ პოლიტიკურ ძალასთან ქართული ოცნების დე ფაქტო შერწყმასთან", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.