
არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის“ ხაშურის ფილიალის თავმჯდომარე ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ ხაშურში სარიტუალო მომსახურების ბიზნესის ხელში ჩაგდება ვალერი გელაშვილსა და მის ხალხს უნდა, რომელთა შორის რამდენიმე სასულიერო პირიცაა.
„სპორტსკოლის ეზო ერთადერთი დასასვენებელი პარკია ხაშურში, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, შენობაში იყო ცეკვის წრეები, სპორტული სექციები და ამ ცენტრალურ ადგილზე კუბოები და მაცივრები გამოჭიმეს კატაფალკებთან ერთად“- აღნიშნა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადენელმა პროტესტით ხაშურის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა, სადაც დაუდასტურეს რომ ეს იყო პირველი კატეგორიის უნებართვო მშენებლობა, თუმცა ამის გამო დაჯარიმება ვერ მოხდებოდა.
„ეს თბილისი არაა, ხაშურია და ვერ დავაჯარიმებ ასეთ უკანონობაზეო. ხაშურში, თურმე, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ ვიცოდი“- ამბობს მეხრიშვილი.
მისი თქმით, ხაშურში სამართალი ვერ იპოვა, რადგან ყველანი ერთმანეთთან შეკრულები არიან. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ამ ბიზნესით აქტიურად არის დაინტერესებული და მარტო დამკრძალავი ბიურო და დარბაზი არ აკმაყოფილებს:
„ახლა სადაც თვითონ ცხოვრობს, იქ არსებული ნაკვეთების შესყიდვა დაიწყო. სასაფლაოს გაკეთება უნდა ამ ტერიტორიაზე.“- აღნიშნა ზაზა მეხრიშვილმა.
„ქრონიკა+“