
უამინდობის გამო რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა. თოვლისა და მოყინული გზის გამო ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
თოვლისა და ქარბუქის გამო უღელტეხილზე დაბალი ხილვადობაა, რაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აფერხებს. რიკოთზე მოძრაობა ამ დრომდე დასაშვებია ორხიდიანი და მსუბუქი ავტომანქანებისთვის, ასევე მიკროავტობუსებისთვის. ადგილზე გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილიც.
დიდთოვლობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზამთრის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ტრანზიტული მოძრაობის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებს, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ მოძრაობის დაწესებულ რეჟიმს.
შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიეწოდა ყველა იმ ქვეყნის საელჩოს, რომელიც სატრანზიტო მოძრაობას საქართველოს გავლით ახორციელებს. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ჩარჩენილ მანქანებს - გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტრანსპორტის შეყოვნების მიზეზი მხოლოდ ჯაჭვების არქონაა.
"რუსთავი-2"