
საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს რუსულად აწერს - დოკუმენტის ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა.
ხელმოწერამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი სადუნიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანია, ის მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1990 წლის შემდეგ გამართულ ყველა ომში, იყო პირველი ქართული დესანტის შემადგენლობაში რუსეთის მიერ ინსპირირებულ ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, მიღებული აქვს მძიმე ჭრილობა.
ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი სწორედ ამ დამსახურებების გამო არასახელმწიფო, უცხო ენაზე ხელმოწერას პოლკოვნიკს დიდ ნაკლად არ უთვლის, თუმცა, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა ინდულგენცია ვერ იქნება და ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირმა, როგორიც სადუნიშვილია, სახელმწიფო ენას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.
მიხეილ სადუნიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2012 წელს წავიდა, ხოლო მას შემდეგ რაც გაერთიანებული სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე გახდა, მან ის არმიაში კონკურსის საფუძველზე დააბრუნა.