
„ლეიბორისტული პარტიაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის თითოეულ წევრს „ქართუ ბანკიდან“ ყოველთვიურად უხდის 10 ათას დოლარს, კომიტეტების თავმჯდომარეებს კი უფრო მეტს.
„ვისაც ბიზნესები აქვს და მილიონებს აკეთებს, მათ მწვანე შუქი აქვთ ანთებული, ხოლო დანარჩენები საბარათო სისტემით იღებენ ბიძინა ივანიშვილისგან დამატებით თანხებს.
აგერ, დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა თავიანთ შვილებს საქართველოში სწავლა არ აკადრეს და უცხოეთში წაიყვანეს...
აგერ, ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ორთაჭალაში წამოიწყო სასახლის მშენებლობა. ზოგმა ბინა შეიძინა, ზოგმა შვილები გაუშვა უცხოეთში, ზოგმა მიწები ჩაიგდო ხელში და ასე შემდეგ. მართალია, დეპუტატის ხელფასი მაღალია, მაგრამ ამისთვის მაინც არ არის საკმარისი.
დადგება დრო, როცა ეს ყველაფერი გამოაშკარავდება, ამოღებული იქნება ამ ბანკის გადარიცხვები, ქვითრები და ყველა დარწმუნდება, რომ ეს სიმართლეა,“ -აცხადებს „ალიასთან“ ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.
აღნიშნულს უარყოფს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი.
„ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, რას ჰქვია, ტრანში მაქვს გახსნილი უმრავლესობის წევრებისთვის? ეტყობა, მაგათ სხვა რაღაცა გაიგეს... მაგალითად, დეპუტატების ნაწილმა მოინდომა, რომ ჩვენთან გადმოეტანა სახელფასო პროგრამა, ანუ ხელფასებს ჩვენთან იღებენ.
ვინც ჩვენთან იღებს ხელფასს, დეპუტატი იქნება თუ სხვა, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ „ოვერდრაფტს“ ვუმტკიცებთ, თუ გაუჭირდა რაღაც მომენტში, ხელფასის ორმაგ ოდენობას ვაძლევთ. ვინაიდან, დეპუტატს მაღალი ხელფასი აქვს, შეიძლება სესხიც მაღალი მივცეთ.
მე პირიქით გეტყვი, როდესაც ჩემთან დეპუტატები მოდიან სესხის ასაღებად, სულ ვეკითხები: კაცო, შენ დეპუტატი არ ხარ? თუ ხარ, მაშინ ბიზნესი რატომ გაქვს? იმ წუთში გაწითლდებიან ხოლმე,“ -აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.