
„აფხაზეთის ხმა“ უკვე წერდა, რომ ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩის 34 ნომერში, მერვე სართულიდან კარადა დადმოვარდა, რომელიც გამვლელ მამაკაცს დაეცა და დააზიანა.
როგორც აღნიშნულ ბინაში მცხოვრები ქალბატონი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, სავარაუდოდ, გახშირებული წვიმის გამო კარადის ერთი ნაწილი დაზიანდა, რის შემდეგაც დაზიანებული ნაწილი და თაროები აივნიდან გადავარდა.
„ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ სახლის სახურავია დაზიანებული. იმედია, ვისაც ეს ეხება, ადგილობრივი თვითმართველობაა ეს, თუ კორპუსის ამხანაგობა, ახლა მაინც მიაქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას. არ გამოვრიცხავ, კარადის გადავარდნის მიზეზი იმ კედლის არასახარბიელო მდგომარეობაც იყოს, რომელზეც კარადა იყო დამაგრებული.
კარადა ახლახან დავალაგე, ძირითადად ცარიელი მინის ქილები მქონდა შენახული...
საღამოს ჩემთან სტუმარი იყო, როდესაც აივნიდან ხმაური მომესმა. ერთი სიკვდილი გავათავე, ვიდრე მეშვიდე სართულიდან დაბლა ჩავიდოდი და ვნახავდი დაშავებული მამაკაცი რა მდგომარეობაში იყო. ღვთის მადლით, დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა,“ - აღნიშნა მან.
დაზარალებულ 60 წლამდე მამაკაცს პირველი დახმარება ახლომდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ფარმაცევტების ინფორმაციით, მამაკაცს თავიდან სისხლი მოსდიოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალის მიდამო, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.