
შემთხვევა მეტრო „ღრმაღელეში“ მოხდა. მომავალი მატარებლის ბორბლებში ჩამხტარი გოგონა პირველად ბაქანზე მყოფმა ქალბატონებმა შენიშნეს, რომელთაგან ერთ-ერთს გული წაუვიდა.
„შოკში ჩავვარდდი, კინაღამ მოვკვდი, როცა ხალხის კივილი გავიგონე. თავადაც დაახლოებით ამ ასაკის შვილები მყავს...
დედამ 16 წლის შვილი სკოლაში გაუშვა, ის კი გამოიქცა და მატარებელს ჩაუხტა ბორბლებში. კიდევ კარგი, გადარჩა… განგებამ შეიცოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მეეჭვება ან მისი მშობლები დარჩნენ ჯანმრთელები, ან ის საცოდავი მემანქანე, ბორბლებში რომ შეუვარდა!
მატარებლის ლიანდაგზე დახლოებით გვირაბის შესავლელიდან 3 მეტრზე ეგდო. როგორც კი დაინახა, რომ მატარებელი გვირაბიდან გამოვიდა, იმ წუთში ლიანდაგებში ჩაუხტა. საწყალი მემანქანე ასეთ დროს ვერაფრით ვერ დაამუხრუჭებდა, საცოდავმაც თავად დაინახა, ბავშვი ბორბლებში როგორ ჩაუხტა და მერე ზედ გადაუარა.
კაცი თავადაც ნახევრად მკვდარი იყო, იმ პოლიციელსაც ხელები უცახცახებდა მატარებლის ბორბლებში ფარანს რომ აშუქებდა, უყვიროდა, - გოგონა ცოცხალი თუ ხარ, მიპასუხეო. ის კი არ პასუხობდა. არავის ეგონა, რომ ცოცხალი იყო,“ - იხსენებს მომხდარს მეტროსადგურის თანამშრომელი.
„დაახლოებით 5 წუთი უძრავად იწვა; როგორც აღმოჩნდა, შოკისაგან ვერ იღებდა ხმას. როცა დავინახე, რომ გაინძრა, გიჟივით ვიყვირე, ცოცხალი ყოფილა-მეთქი! ვუყვიროდი, მატარებელს ვერ დავძრავთ, რამე არ გავნოს, ისევ შენ უნდა იყოჩაღო, გამოძვერიო და გამოძვრა… თითქმის 10 წუთი მოუნდა გამოსვლას…
რომ ალაპარაკდა, თავად მოგვცა დედის ტელეფონის ნომერი. ამ გოგოზე უფრო მეტად დედამისი შემეცოდა, - ქალი ისტერიკულად ტიროდა და შვილს ეხვეოდა… გვითხრა, თავს იმიტომ ვიკლავდი, თმები შევიჭერი და სახლში გამიბრაზდნენო. ისე, კაცმა არ იცის, ეს ასე იყო, თუ - არა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. უბედურება ის არის, რომ მოზარდებისთვის სიცოცხლე ჩალის ფასია,“ - ამბობს მეტროსადგურ „ღრმაღელის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი.
გოგონას ოჯახი კომენტარზე უარს ამბობს. მემანქანემ, რომელსაც 16 წლის მოზარდი სუიციდის მცდელობის დროს შაუვარდა, რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა.
„კვირის პალიტრა“