
გავრცელებული ინფორმაციით, ანა ბატონიშვილი სამეფო ოჯახის სახელით თბილისის მერს, დავით ნარმანიას შეხვდა და „გენიალური პროექტისთვის“ ტაბახმელაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ითხოვა.
აღნიშნული პროექტის თანახმად, „დედათა კომიტეტის“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ადამიამ ტაბახმელაში, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე „აფხაზური ოდა“ უნდა ააგოს, სადაც ასევე დაგეგმილია ტაძრის, სასტუმრო-მუზეუმისა და დედათა-მონასტრის მშენებლობა.
„მე შევარჩიე წინასწარ ტერიტორია. აფხაზებთან ნდობის აღდგენისთვის გადავწყვიტეთ საქართველოს დედაქალაქში აფხაზებთან ერთად ავაგოთ „აფხაზური ოდა“, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულ აფხაზ სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში მივიღებთ.
იქ აიგება ტაძარი, გაკეთდება დედათა მონასტერი. „აფხაზურ ოდაში“ გაიხსნება ბიბლიოთეკა, სადაც განვათავსებთ უნიკალურ გამოცემებს აფხაზურ ენაზე. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ აფხაზებმა გაიგონ, როგორ გვიყვარს და ვუფრთხილდებით აფხაზურ ენას, კულტურას.
ვისაც კი სურვილი აქვს აფხაზებთან დიპლომატიისა და სახალხო ენით ნდობის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, ყველა დაიდებს იქ ბინას და ეს იქნება უნიკალური შეხვედრები“ - აცხადებს ქეთევან ადამია.
სანამ ადამია დავით ნარმანიას და მერიის პასუხს ელოდება, საქმეში სიცხადე თავად სამეფო ოჯახმა შეიტანა.
უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი ანა გაბრატიონი სამეფო სახლის სახელის გამოყენებაში ადანაშაულებს: „გავეცანი ინფორმაციას ანა ბაგრატიონის ქ. თბილისის მერთან შეხვედრის თაობაზე. ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი აღარ მაქვს ანა ბაგრატიონთან და მის ახალ პროექტებთან, ასევე იმ ასოციაციასთან, რომელსაც ის წარმოადგენს.
მსურს, ყველას განვუმარტო, რომ ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლსა და პირადად მე, არ გვითხოვია რაიმე მიწა სახლისა თუ სხვა რეზიდენციის ასაგებად ჩემი ვაჟის – გიორგისთვის, ვინაიდან ის მას არ საჭიროებს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ვინც გეგმავს სარგებლის მიღებას ჩემი ვაჟის სახელის გამოყენებით, უარი თქვან გეგმებზე და სხვა საქმე მოძებნონ“. - წერს უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი.
http://primetimenews.ge/