
არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა ლაშა აბაშიძემ პირველად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
ლაშა აბაშიძის განცხადებით, ადმინისტრაციაში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს. "ცნობილია, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოვალეობები არის განსხვავებული. იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა და ადმინისტრაციის ფორმირება მოხდება ახალი გარემოებების მიხედვით.
ვაპირებთ რესტრუქტურიზაციას, რომლის მიხედვითაც მოხდება გარკვეული ცვლილელბები,“- განაცხადა აბაშიძემ. ლაშა აბაშიძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მეუღლის ძმაა, კომენტარი ნეპოტიზმის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, ბოლო 8 წელია მას არ აქვს ნათესაური კავშირი მარგველაშვილთან და მხოლოდ თანამშრომლობით შემოიფარგლებიან.
გიორგი მარგველაშვილის შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბაჩო ახალაია სააკაშვილს შეწყალებას არ სთხოვს ამით ღირსეულ საქციელს ჩაიდენს. ამის შესახებ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვიწვნიე ციხის მართვის ახლაიასეული მეთოდები, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სასტიკ და დაუნდობელ ადამიანად მივიჩნევ და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ მას პროკურატურა სამართლიანად ედავება - მაინც მგონია, რომ თუ ის სააკაშვილს შეწყალებას არ სთხოვს (და ეს მან განაცხადა კიდეც) ამით ღირსეულ საქციელს ჩაიდენს და თავად მიშაზე მაღლა დადგება.
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა უნდა განხილულიყო და დასახელებულიყო, ხვალისთვის გადაიდო. როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, სხდომის გადადების მიზეზი ისაა, რომ პარლამენტის წევრები თბილისში ჩამოსვლას დღეს ვერ ახერხებენ. ასევე, ხვალ გაიმართება უმრავლესობის შეხვედრა.