-
2014-05-06 13:11
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ნახვის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღესვე ელოდებიან ხელისუფლებისგან კონკრეტულ რეაქციას.
მათი განცხადებით, ახალი ხელისუფლებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საია-ს ხელმძღვანელ კახა კოჟორიძის თქმით, ასეთი ტიპის ინფორმაციის შეგროვება ან შენახვა, კერძო პირების ინიციატივით, დიდი ალბათობით, არ ხდება ხოლმე.
„ ერთი რამ, რაც ახლა შეიძლება ითქვას, არის ის რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს იმიტომ რომ, ეს ინფორმაცია თავის თავში შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი - თუ ვინ, რა მიზნით, რატომ გააკეთა ეს და აუცილებლად, ყველა ის პირი ვინც ამ სქემაში მონაწილეობდა უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული“, - აცხადებს კოჟორიძე.
მისივე თქმით, შს სამინისტროში ინფორმაცია დაცული არ არის. "როგორც გავიგეთ, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიმართ ფარული მასალების წყარო შს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელია. როგორც ჩანს, შს სამინისტროში ინფორმაცია დაცული არ არის და ვინ რა მიზნით და რატომ გამოიყენებს ამას, ცალკე თავის ტკივილია".