
სასამართლოს მიერ მეუღლისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს პროკურატურის მოთხოვნა ნოშრევან ნამორაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, დავით კოდუაზე თავდასხმის დროს ნამორაძე მარტო არ იყო.
"ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, ალბათ, სასამართლო ისევ "ნაციონალების" ზეწოლის ქვეშ არის. იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ნინო სუთიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნამორაძეს ბრალი 5 მაისს წუყენეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორმა დავით ხვედელიძემ 5 მაისის პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად დაასახელა ის გარემოება, რომ დაუდგენელი პირების დადგენაში გამოძიებას ნამორაძის თავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელი შეეშალოს. ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს ნამორაძის მიმალვის საფრთხე, რაზეც ადვოკატებმა უპასუხეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის შემდეგ თავად გამოცხადდა და გამოძიებას ჩაბარდა, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 26 ივნისს, 14:00 საათზე.