
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში მყოფი პოლონეთის პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მერაბიშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
მავგორჟატა გოშევსკა, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მოინახულა, მერაბიშვილის საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნაა, ამ სარჩულს ახალი პრეზიდენტის მთავრობამაც მიაქციოს ყურადღება.
"საქართველოში არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად და წარმატებით ჩატარდა, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ ყოფილი პრემიერი დღემდე ციხეშია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის პოლიტიკური სარჩული, რომელიც მის საქმეს ახლავს, აუცილებლად იქნეს განხილული ახალი პრეზიდენტის მთავრობაშიც, ისე, როგორც დემოკრატიულ სტანდარტებს შეეფერება. ვიცით, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვილნიუსის სამიტი, რომელსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ამ საკითხს სამიტზეც განიხილავენ", - აღნიშნა მავგორჟატა გოშევსკამ, რომლის კომენტარი „რუსთავი2“-მა გაავრცელა.