
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში, აფხაზურ ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სოფლის გამგებელი დააყაჩაღეს.
თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დავით ქარდავას, რომელიც სოფელ გაგიდის ე.წ. გამგებელია, ხუთი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი მაშინ დაესხა თავს, როცა ის შინ ბრუნდებოდა.
თავდამსხმელებმა გადასახადების სახით მოსახლეობისგან აკრეფილი ფული მოითხოვეს. დავით ქარდავას მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას კი ჰაერში რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
ყაჩაღებმა ქარდავას დაახლოებით ათასი ლარის ექვივალენტი თანხა წაართვეს და მიიმალნენ. დავით ქარდავა ნაცემია, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.